„ვფიქრობ, ინიციატივა, რომელიც გამოიჩინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ გასაუბრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აჩვენებს ერთ რამეს – რომ ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც თავშივე არის უსამართლო, განწირულია მარცხისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე საუბრისას.
მისივე თქმით, თავად პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ახალა კი მას მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი.
„ვფიქრობ, რომ ეს თავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მცდარი იყო უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ და იმედი მიჩნდება, რომ ეს არის ნიშანი გადააზრებისა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას შედეგი არ მოაქვს. ფსონის დადება იმ ძალებზე, რომელიც ქართველი ხალხის ღალატით არის ნაკვები, კარგ შედეგს არ მოუტანს.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ყველა იმ ქვეყანასთან თუ ხელისუფლებასთან მიმართებით, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მიმართ სხვადასხვა სახის უსამართლო პოლიტიკით არის დაკავებული, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის ფორმატში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამ ურთიერთობებში ვართ მართლები. ყველა, ვინც არასწორი ნაბიჯი გადადგა საქართველოსთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, იმედია, გააცნობიერებს საკუთარი ნაბიჯის სიმცდარეს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ გადავიაზროთ ეს ურთიერთობები.
სამწუხაროდ, 4 წელზე მეტია, უკრაინის ხელისუფლებისგან ვხედავთ პოლიტიკას, რომელიც არათუ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, უკრაინელი ხალხის ინტერესსაც არ ემსახურება. 4 წელია ვხედავთ, რომ ეს ურთიერთობა სწორედ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით არის იმ წერტილზე მისული, სადაც არის. ჩვენ ამ ურთიერთობაში ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და უკრაინას. არ არსებობს რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ.
იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ათობით ათასი ლტოლვილი მივიღეთ, ასობით უკრაინელი ბავშვისთვის ერთადერთმა ქვეყანამ გავხსენით უკრაინულენოვანი კლასები სკოლებში და უკრაინელი ლტოლვილები გავათანაბრეთ ქართველ დევნილებთან, ამის საპასუხოდ როდესაც უკრაინის მთავრობა საქართველოს რიტორიკულად თუ სხვა მხრივ თავს ესმოდა, ეს იყო გასაკვირი და მიუღებელი. თუკი ვინმეს აქვს ნაბიჯი გადასადგმელი და გამოსასწორებელი, ეს არის უკრაინის ხელისუფლება. მე იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან არის შედეგი გადააზრებისა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მიმართ იყო, იყო მცდარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


