„ევროკავშირი სამხრეთ კავკასიას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორპოსტს რუსეთის წინააღმდეგ, სწორედ ამ ლოგიკით უნდა აიხსნას რეგიონში მათი გააქტიურება“ – ვატო შაქარიშვილი

12

„ევროკავშირი სამხრეთ კავკასიას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორპოსტს რუსეთის წინააღმდეგ, სწორედ ამ ლოგიკით უნდა აიხსნას რეგიონში მათი გააქტიურება“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“-ს აღმასრულებელი მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის მე-8 სამიტზე საუბრისას განაცხადა.

„დავიწყოთ იმით: რა სურს ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში? დღეს ევროკავშირი იმყოფება რუსეთთან დაპირისპირებაში და სამხრეთ კავკასიას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორპოსტს რუსეთის წინააღმდეგ.

რადგან საქართველოში ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს დესტაბილიზაციისა და რეგიონის არევის კუთხით, ახლა ერევნისკენ გადაინაცვლეს. ეს სცენარი ჩვენთვის უცხო არ არის — მახსენდება ცნობილი მოვლენები, ბუში რომ იყო ჩამოსული საქართველოში და თეძოს ათამაშებდა თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში. დღეს, გარკვეულწილად, ანალოგიურ პროცესებს ვხედავთ ერევანში, სადაც გაიმართა აღნიშნული კონფერენცია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ღონისძიება ემსახურება ევროკავშირის გავლენის დემონსტრირებას რეგიონში და მათი პოზიციების გამყარების მცდელობას სამხრეთ კავკასიაში.

წარმოიდგინეთ, რომ მათი შეფასებები და განცხადებები იმდენად აცდენილია რეალობას, რომ როდესაც ისინი საუბრობენ დაკავშირებადობაზე, ცდილობენ ამოაგდონ პროცესებიდან საქართველო და აზერბაიჯანი.

ასევე აღსანიშნავია ურსულა ფორ დენ ლაიენის განცხადება, რომლის მიხედვითაც სომხეთი წარმოდგენილია, როგორც უმოკლესი გზა კასპიის ზღვიდან ევროპამდე – რაც გეოგრაფიულად სადავო და კრიტიკის საგანია. აი ასეთი საღი აზრისგან დაცლილი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ და ნებისმიერ ნაბიჯზე წამსვლელები არიან.

საბოლოოდ, მსგავსი ვიზიტები და კონფერენციები ნაკლებად ცვლის სომხეთის შიდა რეალობას. ეს იყო ერთგვარი საარჩევნო კამპანია ნიკოლ ფაშინიანისთვის, რომელსაც არჩევნები კარს მოადგა. ევროკავშირი კი როგორც ყოველთვის ცდილობს სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში, მათ შორის საარჩევნო პროცესებში ჩაერიოს. როგორც ეს მოხდა მოლდოვას შემთხვევაში, რუმინეთში და ასევე საქართველოშიც, სადაც ჩარევის წარმოუდგენელი მასშტაბი ვიხილეთ. ეს ჩარევები გამომდინარეობს ისევ და ისევ იმ მიზნიდან, რაზეც დასაწყისში ვისაუბრე – ევროკავშირი სამხრეთ კავკასიას განიხილავს, როგორც ძირითად ფორპოსტს რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა შაქარიშვილმა.