„ვერ მოინელეს არა მხოლოდ ქართული მედია, არამედ მთელი სუვერენული სახელმწიფო – საქართველო. ზოგადად, მათი ინტერესი არ არის სუვერენული სახელმწიფოების არსებობა — ეს აზერბაიჯანის შემთხვევაშიც გამოჩნდა“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“-ს აღმასრულებელი მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა ევროკავშირის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„მათ არ აინტერესებთ აზერბაიჯანთან პარტნიორობა და თანამშრომლობა სუვერენიტეტის დაცვის ფარგლებში. იქაც სურთ საკუთარი გავლენის გაფართოება. სჭირდებათ ის ენერგორესურსები, რაც აზერბაიჯანს გააჩნია, ასევე ის რესურსები, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მიეწოდება ევროპას, თუმცა არ სურთ სუვერენულ სახელმწიფოსთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობა — არც აზერბაიჯანთან და არც სხვა ქვეყნებთან.
თვითონ ევროკავშირის შიგნითაც, აბსოლუტურად გაუქმებულია ეროვნული ხელისუფლებების როლი. მათ არ აქვთ სრულფასოვანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა და პროცესები პირდაპირ ბრიუსელის დიქტატით იმართება, რომელიც თავის მხრივ ექვემდებარება ოლიგარქიულ ოჯახებსა და იქედან წამოსულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელიც დგას ლგბტ პროპაგანდაზე, უკონტროლო მიგრაციაზე და ევროკავშირის ეკონომიკურად შესუსტებაზე, რათა ის ადვილად მართვადი იყოს.
საქართველოსთან მიმართებაშიც ეს უკვე გაცხადებული, ღია დამოკიდებულებაა და მათი მიდგომა არ შეიცვლება მანამ, სანამ საქართველოში მათთვის მისაღები აგენტურული ხელისუფლება არ ეყოლებათ. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ სრულიად არაეფექტიანია ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს – ამ პირობებშიც კი ევროკავშირთან ურთიერთობების განახლების გზებს ეძებს და აგრძელებს კარზე კაკუნს მაშინ, როდესაც ევროკავშირს მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული პოზიცია, რომ საქართველო არ არის პრიორიტეტი მისი სუვერენტიტით, ეროვნული ღირებულებებით, ქრისტიანობით და ასე შემდეგ. ისინი გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი კართან დავტოვოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდებიან, გაგვიხსნან თუ არა კარი საერთოდ.
ამიტომ ევროკავშირში საქართველოს არანაირი მშვიდობა, კეთილდღეობა და სტაბილურობა არ ელოდება და ევროკავშირი არ აპირებს საქართველოს მიღებას იმ დათქმით, რასაც ჩვენი სუვერენიტეტის, ტრადიციების, ღირებულებებისა და მშვიდობის შენარჩუნება ჰქვია.
აქედან გამომდინარე, ამ გზაზე სვლა არის საფრთხის შემცველი და გუშინდელი კონფერენციაც ამაზე მეტყველებდა – საქართველოს მტრებთან ხელის ჩამოირთმევა თუ ფოტოების გადაღება, არ არის ის დიპლომატია, რომელიც ჩვენ ახლა გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება დიპლომატია, რომელიც საერთაშორისო გლობალურ დღის წესრიგში გაიტანს და დაამკვიდრებს საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხს. ეს იქნება ის რეალური სიახლე, რასაც ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე, ამ ახალ მსოფლიო რეალობაში შევიტანთ და რამაც უნდა მოგვიტანოს ჩვენ უკვე მყარი, სტაბილური მშვიდობა და შეგვაძლებინოს, სრულყოფილად ავითვისოთ ის ფუნქცია და დატვირთვა, რაც საქართველოს გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად ვიქნებით იმ რეზოლუციებისა და შეურაცხყოფების მომსწრე, რომლის ატანაც უკვე ეროვნული თავმოყვარეობის საკითხია“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.


