„საქართველოს კონსტიტუციაში გვიწერია მისწრაფება ისეთი კავშირისკენ, რომელიც დღედღეზე შეიძლება დაიშალოს, მაშინ როცა მისი მთავარი კონტრიბუტორი თავად ამბობს, რომ ნატო აღარ გაფართოვდება — ეს მოცემულობა შესაცვლელია“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“-ს აღმასრულებელი მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა ბუქარესტის 2008 წლის ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივა.
„ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი მოცემულობა. ნატო, ფაქტობრივად, ანაქრონიზმად არის ქცეული — ის რეალურად აღარ არსებობს და მხოლოდ ფურცელზეა. ამაზე თავად ორგანიზაციის შიგნითაც მიმდინარეობს დისკუსია.
ცოტა ხნის წინ იენს სტოლტენბერგმა, რომელიც ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ნატოს, განაცხადა რომ ალიანსის პერსპექტივა უახლოესი 5–10 წლის ჭრილში საკმაოდ ბუნდოვანია.
ნატოს მარცხი, შეიძლება ითქვას, უკრაინიდან დაიწყო, ხოლო მისი საბოლოო „გაფორმება“ იქნება ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები და ის ინტერესთა სხვაობა, რომლებიც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის.
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც გაჩნდა ჩანაწერი, რომლებიც მიუთითებს, რომ ნატო აღარ გაფართოვდება. საუბარია იმაზეც, რომ ალიანსმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა, მათ შორის ყველაზე დიდმა კონტრიბუტორმა – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უნდა გადააფასონ ის აღქმა, თითქოს ნატო მუდმივად გაფართოებადი სტრუქტურაა.
ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ აღმოვჩნდით პარადოქსულ ვითარებაში: საქართველოს კონსტიტუციაში გვიწერია მისწრაფება ისეთი კავშირისკენ, რომელიც დღედღეზე დაიშლება, ხოლო მისი მთავარი კონტრიბუტორი თავად აცხადებს, რომ ნატო აღარ გაფართოვდება.
შესაბამისად, ეს მოცემულობა შესაცვლელია. ის ფაქტი, რომ კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი არსებობს, არ ნიშნავს, რომ ის ავტომატურად უცვლელი და უპირობოა – მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ მიმართულებით მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს. შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომ ისინი 78-ე მუხლის დაცვით მუშაობენ და ფუქნქციონირებენ. გამოდის, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა საგარეო პრიორიტეტების თვალსაზრისით ასეთ ანაქრონიზმში სვლას ემსახურება, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი დიპლომატია, საელჩოები, მთლიანად ჩვენი საგარეო პოლიტიკა იყოს აწყობილი იმაზე, რომ ნეიტრალიტეტი გავიტანოთ საერთაშორისო გლობალურ დღის წესრიგში“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.


