„ძალიან არასტაბილური და არაპროგნოზირებადი ვითარებაა. გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. პირიქით, მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება, რაც ურტყამს არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ სტაბილურობასაც“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“-ს აღმასრულებელი მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა ახლო აღმოსავლეთის ესკალაციაზე საუბრისას განაცხადა.
„ძალიან არასტაბილური და არაპროგნოზირებადი ვითარებაა. გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. პირიქით, მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება, რაც ურტყამს არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ სტაბილურობასაც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი – ნავთობი, რომელზეც დამოკიდებულია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი – ასეთ არასტაბილურ გარემოში იმყოფება. ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ტრამპის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რომლებიც ნავთობის ფასების მერყეობას და ბაზრის არასტაბილურობას იწვევს.
ზოგადად, ეს არის პოლიტიკა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში ატარებს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მისი სტრატეგიული მიზნები არსებითად არ იცვლება იმის მიხედვით, რომელი პარტია იქნება სენატსა და კონგრესში უმრავლესობაში ან რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება პრეზიდენტი. იცვლება მხოლოდ ტაქტიკური მიდგომები და მეთოდები – ხდება ისეთი ანაქრონიზმების ლიკვიდაცია, როგორიცაა ნატო ან სხვადასხვა საერთაშორისო ფონდები. ანუ იცვლება მეთოდები და ტექნიკური ნაწილი, სტრატეგიული ხედვა კი უცვლელი რჩება.
დღეს ვხედავთ უმძიმეს ვითარებას ჩვენს გარშემო — ომი ირანში და მთლიანად ყურის ქვეყნებში, მიწოდების ჯაჭვების დარღვევა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირება. ასეთი არაპროგნოზირებადი და რთული პროცესები, რა თქმა უნდა, საქართველოზეც აისახება და მისი გავლენა გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე ერთი კონკრეტული რეგიონის დონეზე.
ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობის დამყარებას და მიგვაჩნია, რომ ასეთ არეულობისა და ომის პირობებში, თუ გვინდა საგარეო საფრთხეებს ეფექტურად გავუმკლავდეთ, უნდა ვიყოთ ადეკვატურები არსებული რეალობის მიმართ, თავი დავანებოთ ევროკავშირის კარზე კაკუნს და გამოვიდეთ ილუზიებიდან“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.


