„როგორ შეიძლება საუბრობდე ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაზე და ამავდროულად არ გქონდეს მკაფიო ხედვა საქართველოს როლზე?! არც ერთ არჩეულ თუ არარჩეულ ევრობიუროკრატს არ მივცემთ იმის უფლებას, რომ საქართველოს ისტორიული როლი დააკნინოს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ გვახარებს ის ფაქტი, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარდა მშვიდობა – რაც ამ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. ამ პროცესში საქართველოს განსაკუთრებული როლი ჰქონდა, რასაც თავად ამ ქვეყნების წარმომადგენლებიც აღნიშნავენ. წლების განმავლობაში თბილისი იყო შეხვედრების ადგილი, სადაც საუბარი მიმდინარეობდა მშვიდობაზე და კონფლიქტების დარეგულირებაზე. არაერთ შემთხვევაში სწორედ საქართველო ასრულებდა მედიატორის როლს. გვიხარია, რომ ეს კონფლიქტი დასრულდა და ორივე ქვეყანას აქვს ეკონომიკური წინსვლისა და განვითარების რეალური პერსპექტივა.
შესაბამისად, საქართველოს ამ პროცესებში შეუძლია განსაკუთრებული წვლილის შეტანა და აქვს პოტენციალი, დაკავშირებადობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ცენტრალური მოთამაშე იყოს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ უფრო ფართო რეგიონშიც – ეს არის ის ისტორიული როლი, რომელიც საქართველოს საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა. რაც არ უნდა თქვან, როგორც არ უნდა შეიყარონ თვალში ნაცარი, ფაქტია, რომ საქართველოს გარეშე ტრანზიტი და ეკონომიკური კავშირები ევროპასა და აზიას შორის პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.
დღეს დილით პრემიერ-მინისტრმა დააანონსა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც გულისხმობს საქართველოს რკინიგზის უპრეცედენტო განახლებას. ეს პროექტი დაკავშირებადობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია და მოიცავს ასობით ვაგონის განახლებას, მთლიანად სარკინიგზო პარკის მოდერნიზაციას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს და გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურას.
ჩვენთვის პრიორიტეტულია ასევე პორტების განვითარება და ცენტრალური მაგისტრალების გაუმჯობესება. საუბარი იყო ასევე ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი იქნება და რომლის დასრულებაც 2031 წლისთვის იგეგმება. ეს საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, თავისი ისტორიული და სტრატეგიული როლი კიდევ უფრო განიმტკიცოს.
რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებებს ამ ევრობიუროკრატების მხრიდან — სხვანაირად შეუძლებელია ეს ადამიანები მოვიხსენიოთ, აქ საუბარი არ არის პიროვნულ საკითხებზე, არამედ იმ პოლიტიკურ დამოკიდებულებაზე, თუ როგორ ექცევიან ისინი საქართველოს – შემდგარ და დემოკრატიულ სახელმწიფოს. ეს უკვე ორმაგ სტანდარტებსაც სცდება მათი მხრიდან — როგორ შეიძლება საუბრობდე ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაზე და ამავდროულად არ გქონდეს მკაფიო ხედვა საქართველოს როლზე, მაშინ როდესაც ქვეყანა არის კანდიდატი და აქვს უფლება აქტიურად მონაწილეობდეს ასეთ პროექტებში.
არც ერთ არჩეულ თუ არარჩეულ ევრობიუროკრატს არ მივცემთ იმის უფლებას, რომ საქართველოს ისტორიული როლი დააკნინოს.
რაც შეეხება კონკრეტულად რასა იუნკევიჩიანესა და კაია კალასს — ორივე წარმოადგენს რეგიონს, სადაც მათი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანდრიუს კუბილიუსმა, საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის ხანგრძლივი გაგრძელება გარკვეულწილად ბალტიის ქვეყნების ინტერესებშიც შედის. ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა და პარტნიორობა ამ ქვეყნებთან, თუმცა, როგორც ჩანს, ზოგ შემთხვევაში ისინი ვიწრო, სუბიექტური ინტერესებიდან აფასებენ მიმდინარე პროცესებს, რაც ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.


