„საქართველომ ყველაფერი გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად, თუმცა ვინმეს ახირების გამო ჩვენი ქვეყნის გაწირვას ნამდვილად არ ვაპირებთ“ – გიორგი ჩაკვეტაძე საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე

16

„ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით, რაც საქართველოს მთავრობის მხრიდანაც დადასტურდა, ეს შეხვედრა განხორციელდა უკრაინული მხარის ინიციატივით, რაზეც ქართული მხარე დათანხმდა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ერევანში გამართულ სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად, თუმცა არ აპირებს, ვინმეს ახირებების გამო ქვეყნის უსაფრთხოება საფრთხეში ჩააგდოს.

„ჩვენ უკრაინასთან, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში, საუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს. არაერთი ერთობლივი პროექტი განხორციელებულა და მრავალი შემთხვევა ყოფილა, როდესაც საქართველო და უკრაინა ერთმანეთის მხარდაჭერას ცდილობდნენ. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასტურია მონაცემები, რომლებიც 2021 წლის ბოლოს გამოქვეყნდა — ვგულისხმობ უკრაინის ფოსტის ოფიციალურ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეს უკრაინელ ხალხს.

მე კარგად მახსოვს ის პროცესები, რაც თბილისში მიმდინარეობდა – არაერთი კეთილშობილური კამპანია ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებისთვის. ასევე საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ევროკავშირის, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის საერთაშორისო რეზოლუციებისა და გადაწყვეტილებების როგორც ინიცირების, ისე მხარდაჭერის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ჰააგის ტრიბუნალთან დაკავშირებულ საკითხებშიც, მათ შორის კონკრეტული დაკავების ორდერებისა და საქმეების აღძვრის მიმართულებით, საქართველო ერთ-ერთი ინიციატორი იყო.

ზედმეტია საუბარი იმ მხარდაჭერაზე, რომელიც შარშან შემოდგომაზე ვიხილეთ – ზამთრის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უკრაინაში გაიგზავნა შესაბამისი ინვენტარი, მათ შორის გენერატორები, რათა ენერგოდეფიციტის პირობებში დაეხმარათ როგორც კიევს, ისე სხვა ქალაქებს.

ერთადერთი, რაც საქართველომ ამ პროცესში არ გააკეთა, იყო ის, რომ არ გააგზავნა მებრძოლები უკრაინაში სამთავრობო ჩარტერით. ასევე, საქართველო არ წავიდა იმ ნაბიჯზე, რომ ვინმეს ახირებით ძალის გამოყენებით შესულიყო საკუთარ ოკუპირებულ რეგიონებში. ეს არის პრინციპული პოზიცია, რომელსაც ქართული ხელისუფლება არ შეცვლის – მით უმეტეს, რომელიმე ევრობიუროკრატის ან უცხოელი ჩინოვნიკის ახირების საფუძველზე.

მჯერა, რომ ეს იყო ჩვენი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება – არა მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული ურთიერთობის გათვალისწინებითაც. ჩვენ გვახსოვს 2008 წელი, რა პროცესები გამოიარა მაშინ საქართველომ, როგორ ვითარდებოდა რუსული აგრესია და ვინ გამოხატავდა მხარდაჭერას ჩვენი მისამართით.

ასე რომ, რაც უკრაინის მხარდაჭერას შეეხება – საქართველომ ყველაფერი გააკეთა ამ მიმართულებით, ვინმეს ახირების გამო კი ჩვენი ქვეყნის გაწირვას ნამდვილად არ ვაპირებთ“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.