„ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიში მორიგი დეზინფორმაციული კამპანიის შედეგია, არაფერს ახალს არ აკეთებენ. ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ცრუ ნარატივს ხმამაღლა გამოაცხადებენ და შემდეგ ვითომ ამაზე რეაგირებენ. ამას უკვე მივეჩვიეთ. ასეთი ტიპის საქმიანობა ჩვენთვის რაიმე ფასეულობას არ წარმოადგენს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.
„ამბობენ, – არაფერი გააკეთოთ და სიმართლეზე არ ილაპარაკოთო, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაც ტიპის სანქციებში მოჰყვებითო. ეს მუქარა ჯერ ხომ პოლიტიკოსებზე იყო, ახლა თავისუფალ პრესაზე გადავიდნენ. თავისუფალი სიტყვის რაიმე ფორმით შეზღუდვა არანაირ ევროპულ ფასეულობას არ წარმოადგენს. როგორც ჩანს, ისინი ამ ფასეულობებს დიდი ხანია, დაშორდნენ. უკვე დიდი ხანია, დავრწმუნდი, არანაირ დიალოგს არ აპირებენ. დიალოგს რომ აპირებდნენ, ამ დიალოგში დიდი ხნის წინ შემოვიდოდნენ. ადამიანის უფლებათა საკითხზე დელეგაციაც კი ჩამოყალიბებული იყო და ეს შეხვედრა გააუქმეს, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. მერე რაღაც ყალბი ნარატივები კი გაავრცელეს, მაგრამ ამის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამთ. მათ თავში უტრიალებთ მხოლოდ რევოლუციური სიტუაციის აგორება და საქართველოში დესტაბილიზაცია. სხვა დანარჩენ ფორმებს საქართველოსთან ურთიერთობასთან დაკავშირებით არ ცნობენ. მათი მხრიდან ნაცნობი ხრიკია და შეუძლიათ, ასე გააგრძელონ, ვერავითარ შედეგს ვერ მიიღებენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 53 ხმით 14-ის წინააღმდეგ კენჭი უყარა საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელიც მომხსენებელ რასა იუკნევიჩიენეს მიერ იყო წარდგენილი.


