„აბრეშუმის გზამ ტყუილად კი არ გაიარა აქ. იმიტომ გაიარა, რომ მაშინაც, ისე, როგორც ახლა, ეს იყო ყველაზე მოკლე, ყველაზე უსაფრთხო დამაკავშირებელი გზა ევროპასა და აზიას შორის. ეს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი არის, რომ გეოგრაფიაში ვერ ერკვევა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და იტალიის პრემიერის შეხვედრასთან დაკავშირებით.
“ამას წინ ერთ სიუჟეტში ვნახეთ, რომ, მათ შორის, ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანი ვერ მოძებნა რუკაზე. ასე ვერ მოძებნიან ხოლმე, სად არის საქართველო და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან. მაგრამ გეოგრაფიასთან ჭიდილი ჯერ არავის მოუგია. ასე რომ, ის ბიუროკრატები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს გვერდის ავლით და საქართველოს ვერ დანახვით რაიმეს შეძლებენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დამარცხებიან გეოგრაფიასთან.
ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, რისკენაც ისინი გვიბიძგებდნენ სანქციების დაწესებით, ჰაერის ჩაკეტვით და ა.შ., რა გაზს მიიღებდნენ და რა ტრანსპორტირებას შეძლებდნენ ევროკავშირში, ამაზე უნდა დაფიქრდნენ. მთელი პრობლემა ბრიუსელის ბიუროკრატიის არის ის, რომ ისინი არავისგან არჩეული ხალხია, რომლებიც არ მოქმედებენ ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებითაც კი. საქართველომ არა მხოლოდ საქართველო გადაარჩინა იმით, რომ არ ავყევით ბრიუსელის მოწოდებებს, არამედ გადავარჩინეთ ევროკავშირიც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს როლს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში ახალი გეოპოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო ნათელს ხდის – ამის შესახებ სხვადასხვა გამოცემებში აქტიურად იწერება. ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე პროცესების გამო, იტალიის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, აქტიურად დაიწყო საუბარი ევროპულ ქვეყნებში გაზის აზერბაიჯანიდან იმპორტზე, ამ მარშრუტში კი გადამწყვეტ როლს საქართველო თამაშობს. ანალიტიკოსი ჯეკ პრანდელი სატრანზიტო რუკას აქვეყნებს, სადაც აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით გაზის მიწოდება, სწორედ, საქართველოს გავლით ხდება.


