შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„ყველამ უნდა სცეს პატივი, უპირველეს ყოვლისა, კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას; ყველამ ღირსეულად უნდა ატაროს ის ხელდასმა, რომელიც პატრიარქისგან აქვს მიღებული და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გადააბარა. ეს არის ყველას მოლოდინი.
ყველას მიმართ მექნება უმორჩილესი თხოვნა, რომ ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი, რათა ღირსეულად გაგრძელდეს ის საქმე, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა, თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით, თითოეულ მათგანს ჩააბარა. ამ დიდ, განსაკუთრებულ მდგომარეობას, რასაც ჰქვია სინოდის წევრობა, ეპისკოპოსობა, სულიერი წინამძღვრობა ეპარქიისა, სჭირდება განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ტარება და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სინოდის თითოეული წევრი ერთი პატრიარქის მიერ არის გამოვლენილი და ხელდასმული.
ამიტომ, მიჭირს, როცა ვუსმენ ისეთ კომენტარებს, რომლებიც პოლიტიკის სფეროში უფრო ჩვეულებად ქცეული გარკვეული სიძულვილის ენით საუბარი და შეფასებებია. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი შეფასებებისგან.
ვხედავთ, რომ ხელისუფლება ვცდილობთ, ვიყოთ მორიდებულები ჩვენს კომენტარებში და მივცეთ შესაძლებლობა ჩვენს ეკლესიასა და წმინდა სინოდს, რომ ეს პროცესი ღირსეულად იყოს გაძღოლილი და სინოდმა აირჩიოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


