“დღეიდან დაიწყო საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მონტენეგროში. ამ შემთხვევაში, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მონაწილეობას მივიღებ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„გამოსვლის ფარგლებში ვისაუბრებ რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე შავი ზღვის ქვეყნების გამოცდილებით და, ამ მხრივ, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეასთან გვექნება გამოცდილების გაზიარების და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა.
ვფიქრობ, რომ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები კიდევ უფრო სასარგებლოა, ვიდრე გლობალური გაერთიანებები, ვინაიდან რეგიონული სპეციფიკაციის გათვალისწინებით უფრო ადვილია, აუხსნა კოლეგებს, თუ რა გარემოებებში ვითარდება ქვეყანა.
მექნება შეხვედრა ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან.
გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ ევროკავშირი-NATO-ს საკითხებზეც, ვინაიდან ეს ქვეყნები გახლავთ ამ ორგანიზაციის წევრები.
ცოტა ხნის წინ, სტამბოლში, კანდიდატ ქვეყნებთან შეხვედრების დროსაც, ჩვენ ბევრი საერთო ვნახეთ, თუ რა გამოწვევებია ამ მხრივ, როდესაც ხანგრძლივ გზაზე ბევრია მოთხოვნები და ცოტაა დაპირებების შესრულება“, – განმარტა პაპუაშვილმა.


