„საოცარია, ევრობიუროკრატები ერთი ხელით გვებრძვიან საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც. ჩემი აზრით, ამის უკან დგას გარკვეული ეკონომიკური და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები, რომ ბაქოც და თბილისიც იმართებოდეს მხოლოდ მათი ინტერესების შესაბამისად, რადგან ასეთ ჯგუფებს არც დამოუკიდებელი ბაქო აწყობთ და არც დამოუკიდებელი თბილისი“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა აზერბაიჯანის მიერ ევროპარლამენტთან დაკავშირებული ფორმატების დატოვების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„საოცარია, ევრობიუროკრატები ერთი ხელით გვებრძვიან საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც. აზერბაიჯანმაც ხომ ტყუილად არ დატოვა გარკვეული ფორმატები — მის წინააღმდეგ ევროპარლამენტს 14 რეზოლუცია აქვს მიღებული, ხოლო საქართველოს წინააღმდეგ — 10. ორივე სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენ არასამართლიან და ნეგატიურ პოლიტიკას, მაშინ, როდესაც როგორც საქართველოსთან, ისე აზერბაიჯანთან ურთიერთობა ევროპისთვის პრაგმატული თვალსაზრისით არის ძალიან მომგებიანი.
ვნახეთ, იტალიის მიერ აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს ენერგორესურსების უწყვეტობასა და პროგნოზირებადობას. ერევანში გამართული ევროპული გაერთიანების სამიტის ფარგლებში, ვნახეთ როგორი მაღალი ყურადღებით სარგებლობდა ენერგეტიკული უსაფრთხოების თემა, სადაც საქართველოს როლი გლობალურად იყო ხაზგასმული. რა იმალება ამ ყველაფრის მიღმა? ჩემი აზრით, ამის უკან დგას გარკვეული ეკონომიკური და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები, რომ ბაქოც და თბილისიც იმართებოდეს მხოლოდ მათი ინტერესების შესაბამისად. ბუნებრივია, ასეთ ჯგუფებს არც დამოუკიდებელი ბაქო აწყობთ და არც დამოუკიდებელი თბილისი.
მათი ძირითადი იარაღია საერთაშორისო ზეწოლა, სანქციებით დამუქრება, რეზოლუციების „გამოცხობა“ და სხვა მსგავსი მექანიზმები. ამასთან, მათი ერთ-ერთი მთავარი იარაღია ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი, რომელთა მსოფლმხედველობის შეცვლასაც ცდილობენ.
არ შემიძლია ზუსტად ვთქვა, როგორ აღიქვამს ამას აზერბაიჯანული საზოგადოება, თუმცა ქართულ საზოგადოებაზე დანამდვილებით ვიტყვი, რომ ქართველი ხალხი კარგად ხედავს მიმდინარე პროცესებს და შესაბამისადაც რეაგირებს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


