„როდესაც საუბარია მიწოდებებისა და ლოგისტიკის გაზრდაზე, ამ პროცესში ყველა ძირითადი მარშრუტი საქართველოზე გადის – მიუხედავად იმისა, რომ ევრობიუროკრატები ამ საკითხში საქართველოს როლის იგნორირებას ცდილობენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თენგიზ შარმანაშვილმა რეგიონულ დაკავშირებადობასა და ენერგეტიკულ მარშრუტებში საქართველოს როლზე საუბრისას განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ევრობიუროკრატებს შანთით თუ ახსენებინებთ საქართველოს სახელს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრობენ — ანუ თავად არ ახსენებენ და მხოლოდ მაშინ იწყებენ საუბარს, თუ რომელიმე ჟურნალისტი პირდაპირ დაუსვამს შეკითხვას საქართველოს შესახებ – აშკარად ჩანს, რომ არსებობს გარკვეული დირექტივა, საქართველო არ ახსენონ, თუ იძულებულები არ გახდებიან.
დღეს ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა — იტალიის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც საუბარი შეეხო ნავთობისა და გაზის მიწოდების სქემების გაძლიერებას და იტალიისთვის მიწოდებების გაზრდას. როგორც იტალიურ, ისე საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნდა ძირითადი მარშრუტი, რომლის მიხედვითაც უნდა გაიზარდოს ენერგომატარებლების მიწოდება იტალიისთვის — და ეს მარშრუტი სწორედ საქართველოზე გადის, ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე.
ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ევრობიუროკრატები თავისას ცდილობენ, ცალკეული ქვეყნების ლიდერები — როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრი — არ მიჰყვებიან ამ მიდგომას და მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ის აზერბაიჯანში ჩავიდა არა ევროკავშირის ეგიდით, არამედ ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, სადაც დაიწყეს საუბარი მიწოდებებისა და ლოგისტიკის გაზრდაზე. და ამ პროცესში ყველა ძირითადი მარშრუტი საქართველოზე გადის, რაც ბუნებრივიცაა, რადგან მოქმედი გაზსადენები და ნავთობსადენები სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გადის.
აქედან გამომდინარე, იტალიის პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტიც მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყნები უკვე თავად იწყებენ საკუთარი პრობლემების მოგვარებას და მთლად ევრობიუროკრატიის იმედად აღარ არიან — რაც, თავის მხრივ, სრულიად ლოგიკურია.
ამაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა — რომ გლობალური გაერთიანებების ბიუროკრატიასთან კომუნიკაციას ხშირად სჯობს პირდაპირი ურთიერთობა ცალკეული სახელმწიფოების პარლამენტებთან და მთავრობებთან, რადგან სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელი საკუთარ ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე და შესაბამისად, მეტი შანსია, უფრო პრაგმატული გადაწყვეტილებები მიიღონ, ვიდრე ყალბ ნარატივებსა და იდეოლოგიურ კლიშეებს გამოკიდებულმა, არავის მიერ არჩეულმა ევრობიუროკრატებმა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.


