თენგიზ შარმანაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: „ერთი მხრივ მედავებოდე, რომ ვიტყუები და ომის თემას ვიგონებ, მეორე მხრივ კი თავად საუბრობდე საქართველოს ომში ჩართვაზე — რამდენად გულუბრყვილო უნდა იყო, რომ ამის შემდეგ ხალხის მხარდაჭერის იმედი გქონდეს. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა კარგად ისწავლა შავისა და თეთრის გარჩევა და პოლიტიკურ პროცესებსაც ზუსტად და ობიექტურად აფასებს“

14

„ერთი მხრივ მედავებოდე, რომ ვიტყუები და ომის თემას ვიგონებ, მეორე მხრივ კი თავად საუბრობდე საქართველოს ომში ჩართვაზე — რამდენად გულუბრყვილო უნდა იყო, რომ ამის შემდეგ ხალხის მხარდაჭერის იმედი გქონდეს. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა კარგად ისწავლა შავისა და თეთრის გარჩევა და პოლიტიკურ პროცესებსაც ზუსტად და ობიექტურად აფასებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თენგიზ შარმანაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ — ხალხთან ერთად (რადგან მარტო ამას ვერ შევძლებდით და სწორი ანალიზი სწორედ ხალხმა გააკეთა მასობრივად) — მოვახერხეთ, რომ ომში არ ჩავრთულიყავით.

ამ დროს მათი პროპაგანდა მთლიანად იყო მიმართული იმაზე, რომ თითქოს ჩვენ ვიტყუებოდით და არავინ არ გვთხოვდა ომში ჩართვას. ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი გამოგონილი საკითხები იყო, რომელიც საარჩევნოდ დაგვჭირდა.

კარგი, ვთქვათ ასე იყო, მაგრამ ახლა, როცა მათი ტელევიზიები დათმობილი აქვთ ადამიანებს, რომლებიც გამოდიან და იმავეს იმეორებენ — მაგალითად, ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ზელენსკის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ერევანში კობახიძეს ვეტყოდი: ხომ ხედავთ, მოსკოვის თავზე უკვე დრონებს ვაგზავნი და ქალაქებს ვბომბავ, და შეიძლება ამ დრონებმა მიმართულება საქართველოსკენ შეიცვალოსო — ასეთ განცხადებებს აკეთებენ.

ერთი მხრივ მედავებოდე, რომ ვიტყუები და ომის თემას ვიგონებ, მეორე მხრივ კი თავად საუბრობდე საქართველოს ომში ჩართვაზე — რამდენად გულუბრყვილო უნდა იყო, რომ ამის შემდეგ ხალხის მხარდაჭერის იმედი გქონდეს. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა კარგად ისწავლა შავისა და თეთრის გარჩევა და პოლიტიკურ პროცესებსაც ზუსტად და ობიექტურად აფასებს.

რაც შეეხება ოპოზიციას, იქ არსებული კრიზისი უკვე მათ შიგნით არსებული დაპირისპირებებითაც აშკარად ჩანს. ასევე ვიცით, რომ პარალელურად მიმდინარეობს საუბარი პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით — ვგულისხმობ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს. ვადებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს სასამართლოს პრეროგატივაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ წინა სარჩელთან შედარებით ფუნდამენტური ცვლილებები არ მომხდარა — მხოლოდ ერთი პარტია დაემატა და ისეთი არსებითი ცვლილება არ არის, რომ საქმის განხილვა მნიშვნელოვნად გახანგრძლივდეს.

ჩვენ, როგორც მოსარჩელეები, მზად ვართ ნებისმიერ დროს წარვდგეთ სასამართლოს წინაშე, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა პროცესში და გამარჯვებაშიც დარწმუნებული ვარ, იმდენად ბევრი და მყარი არგუმენტი გვაქვს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.